გემი „დალანდი“

ლიკა ჭეიშვილი

Illustration by Dianna Xu

„გემით „დალანდი“ მივდიოდი სამშობლოსაკენ
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა.
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ,
და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა.“
—გალაკტიონ ტაბიძე, „გემი დალანდი“



ცხოვრებისგან დაღალული დენდი გემს ელოდა, მე კი იმხანობას ერთი კომპანიის გადაზიდვების ინსპექტორი ვიყავი, თუმცა დიდხანს არ გავჩერებულვარ. არ გამაჩერეს; მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

უკვე თენდებოდა, როცა ნავთის ჩატვირთვა დავამთავრეთ და სახლში დაბრუნებას ვაპირებდი. ტრაპზე ჩავდიოდი, რომ შევამჩნიე. ცალი ფეხი ნავმისადგომის ბორდიურზე შემოედო. თეთი კოსტუმი ეცვა და ამ უთენია თავზეც თეთრი შლაპა დაეხურა, მაგრამ ყველაზე მეტად ღილკილოში გაკეთებულმა თეთრმა შროშანმა გამაკვირვა. ჩვენთან ბანდარ-აბასში შროშანები არ ხარობს. ისეც სულ ერთხელ მენახა. სიგარეტი ვთხოვე. პორტსიგარით სიგარა მომაწოდა. იქვე დავდექი. საუბარი გავმართეთ. გემ `დალანდს~ ველოდები აგერ უკვე სამი დღეაო. ეგეთი გემი არ გამეგონა, არა მგონია, ამ პორტში შემოდიოდეს-მეთქი. არაო. აუცილებლად მოვაო. ეგეც რა დეიდა ნატო არის-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ აღარ მითქვამს, დამეზარა. კარგი-მეთქი, - და წავედი. ქუჩის კუთხეში ბანდარული სენდვიჩი რომ ვიყიდე, ისევ ის შროშანი გამახსენდა. მართლაცდა უცნაური იყო. სულ ახალ მოწყვეტილს ჰგავდა. სენდვიჩის ქაღალდი იქვე გავხიე და ჩემი სადარბაზოს კიბეებზე რომ ავდიოდი, უკვე მთლიანად შეჭმული მქონდა. მეორე სენდვიჩის საყიდლად მივბრუნდი და სანამ გამყიდველი ქაღალდში ახვევდა, ნავმისადგომს გავხედე. ისევ იქ იდგა, ეწეოდა და ზღვას გაჰყურებდა. მეორე დღესაც იქ იყო, მესამე დღესაც. ისევ სიგარა გამოვართვი, გვერდით მივუდექი და მზის ამოსვლას დაველოდე. არ შემოვიდა-მეთქი? - არაო, - თავი გაიქნია. - იქნება, სხვა გემს გაჰყვეთ-მეთქი. საერთოდ, არ მჩვევია სხვის საქმეში ჩარევა და რომ მოესმინათ, არც იმ მეზღვაურებს მოეწონებოდათ, დილაობით უბრად რომ ჩავუვლიდი ხოლმე და ისინიც უბრი სალმით მიპასუხებდნენ, მაგრამ მაფორიაქებდა ეს თეთრი შროშანი. არ უხდება ბანდარ-აბასის ნავთობის პატარა შავ ღრუბლებს, გემების გამყინავ საყვირსა და მტვირთავების ორომტრიალს ყვავილები, პეპლები და ვერცხლის პორტ-სიგარები. როცა მოვა, თქვენც ჩემთან ერთად წამოდითო, - მითხრა და სიგარა მოხდენილად გადააფერფლა. თავში სისხლმა ამასხა. ფერადი გარეგნობა ნამდვილად არა მაქვს და ფერად საზაფხულო პერანგებსაც მხოლოდ მაშინ ვიცვამ, როდესაც ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, ეს კი არც ისე ხშირად ხდება. კაცმა რომ თქვას, არც იმას ეტყობოდა რამე მოცისფრო. მეზღვაურულად შევუკურთხე და ფართო ნაბიჯებით საწყობისაკენ წავედი. საწყობის გამგისაგან ანგარიში რომ ჩავიბარე და უკან მოვბრუნდი, აღარ იყო. კუთხეში ჩვეული ბანდარული ვიყიდე და სახლისაკენ გავწიე. სადარბაზოში რომ შევედი, მოულოდნელად გზა საიდანღაც ამომძვრალმა ჯეელმა გადამიღობა. მეზღვაურულ მაისურზე ლურჯი სამოხელეო პიჯაკი ეცვა, თითქოსდა ეპოლეტებაგლეჯილი, ფართო სახეს დიდი შავი ულვაშები უმშვენებდა. საშუალო სიმაღლის ჩასხმული კაცი იყო. - მოწყალეო ბატონო, - ზუსტად ასე მომმართა, მოწყალეო ბატონოო. ბატონი მაე შეურაცხყოფას არავის აპატიებს, ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გამომიგზავნოთ თქვენი სეკუნდანტიო, - ხელში რაღაც, როგორც მერე აღმოჩნდა, სავიზიტო ბარათი, ჩამიდო და სადარბაზოდან გავიდა. თავი კი არ დაუკრავს, არა.

მივხვდი, ვინც იქნებოდა. სწრაფად კი მოუკვარახჭინებია ყველაფერი, მე და ჩემმა ღმერთმა. ეხლა სეკუნდანტი გამიხადეს საძებნი.

სახლში რომ ავედი, კონდიციონერი ჩავრთე, მონაცემები კომპიუტერში შევიყვანე და ცენტრალურ ოფისში გადავგზავნე, მერე გასაბერ საწოლზე წამოვწექი და ბლოკნოტი გადავფურცლე.

მეგობრები და მეგობრობის რწმენა დიდი ხნის წინ დავკარგე, მაგრამ გვამის წინ ქუდის მოხდას არავინ დამამადლიდა. უფასო გასართობზე არავინ ამბობს უარს. ვაჰიდი ავირჩიე. ადრე სასმელის კონტრაბანდაში ერთად ვიყავით. მერე, მართალია, ლუდის პარტიის ჩემს ოფისში შენახვაზე უარი ვუთხარი, მაგრამ გულში არ ჩაუდია. გაუკვირდა. თუ შენი მოკვლა უნდა, ღამე დავუდარაჯდეთ, დავასწროთ და მერე ზღვაში გადავაგდოთო. არა-მეთქი, - რომ ვუთხარი, აღარ ჩამძიებია. იმ კაცის ბარათი მივეცი. ექიმი ყოფილა, ალბათ, სამხედრო, და, ალბათ, გადამდგარი. დოკებში უცხოვრია.

საღამოს ვაჰიდი მოვიდა, თან ტილოში გახვეული დამბაჩა მოიტანა. ეხლავე უნდა წავიდეთ, მაგისი გემი დღეს ღამე გადისო. ეგრევე ჩავტოვე კოვზი მაწვნის ქილაში, ავდექი და გავყევი. სანაპიროთი ჩავჭერით. ის ოხერი გემი იქ იდგა, სუსტად განათებული. ყვავილების სუნს აფრქვევდა. ალბათ, ყვავილების გადამზიდავი თუ იყო. ამ მეყვავილის გულისთვის უნდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ რა, არც სხვა ვინმე მეყვავილე იყო, ვინც აქეთ სანაპიროზე დარჩენას მაფიქრებინებდა. პისტოლეტი ცხოვრებაში არ მჭერია ხელში, დანა – კი ბატონო. სწრაფად ჩავუარეთ პორტს, მერე ლერწმიანებში და ტლაპოებშიც ვიტოპავეთ და მალე ვიწრო მოხრეშილ გზაზე გავედით. იქ იყო, გზის პირას ჩამქრალ ელექტრობის ბოძთან იდგა, მთვარის შუქზე არცთუ ურიგოდ ჩანდა. რომ მივედით, თავისი დამბაჩა მიაწოდა იმ თავის ექიმს, ისიც იქვე იდგა. იმან ვაჰიდას მიაწოდა, იმანაც დახედა, რაღაც გააჩხაკუნ-გამოაჩხაკუნა, დაუბრუნა. ვაჰიდამ თავი დამიქნია, ერთნაირებიაო, მერე ჩვენი დამბაჩა გადააწოდა, იმათი მოცემული იყო. ვაჰიდასაც კი აქვს იარაღი, მაგრამ უფრო გადაჭრილი სანადირო თოფები, თითო-ოროლა. ეგ იყო, რომ ლუდთან ერთად ასაღებდა, უფრომ მაგიტომ გამოვედი მაგ ბიზნესიდან. `ჰაინეკენს~ უფრო შებოლილი ლორი უხდება. - ბატონო ჩემოო, - ამან კიდევ – ბატონო ჩემოო. - თუკი შეურაცხყოფისათვის ბოდიშს მომიხდით, მზად ვარ, გამოწვევა უკან წავიღო და გემ `დალანდით~ გამგზავრება შემოგთავაზოთო. თავისას მაინც არ იშლიდა, მაგრამ, მგონი, ეს ის არ იყო, მე რომ ვიფიქრე. ყვავილების სუნი გამახსენდა, გემთან ჩავლისას რომ ვიგრძენით. მე ვიგრძენი და ვაჰიდაც იგრძნობდა, მა რას იზამდა. - ამ ოხერ `დალანდზე~ რა დამრჩენია-მეთქი, - გავიფიქრე, თუ ვუთხარი, აღარ მახსოვს. იმისი ჩაღიმება კი მახსოვს. ისიც მახოვს, ბარიერი რომ მოგვინიშნეს, კენჭი რომ ვყარეთ და მერე ნაბიჯებს რომ ვითვლიდი. მახსოვს, ქუდი რომ გადამიფრინა იმ ვაჟბატონ მაეს ნასროლმა ტყვიამ, მეორე წუთს კი მის გასისხლიანებულ სახეს ჩავყურებდით, ვაჰიდა მანჯღრევდა და მიყვიროდა, გავიქცეთო. თავი მე დავუკარი და წამოვედი. მაინცდამაინც სასიამოვნო გრძნობა არ ყოფილა, ადამიანს რომ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე მოკლავ, მერე შებრუნდები და წახვალ, მაგრამ ეხლა ნუ დამიწყებთ, ჩვენ ასე არ მოვქცეულვართო. ზურგში ვაჰიდას მუჯლუგუნი ვიგრძენი, ხელები მხარში ჩამავლო და გამიყოლა. ისე მივრბოდით, თითქოს ქურციკების რემა ვყოფილიყავით, დილის ნიავს რომ ეგებება, თუმცა არც დილა ყოფილა და არც ორი ქურციკი შეადგენს რემას. ეხლა, კაცმა რომ თქვას, არც ქურციკები ვყოფილვართ. პორტში რომ შევვარდით, გემის საყვირი აყვირებდა. იმისი გემი იყო, თითქოს ეძახისო. განათებული იყო. გადიოდა. მე და ვაჰიდა რომ მოაჯირს მივვარდით, ტრაპი უკვ აღებული ჰქონდათ. ვიდექით და ვუყურებდით, როგორ ნელ-ნელა შედიოდა წყვდიადში, თითქოს მზის ყვითელი ბურთი შავ ღრუბელს ეფარებაო, პატარავდებოდა და მერე თითქოს ისევ გამოანათაო. ყვავილების სუნიც ნელ-ნელა გვშორდებოდა, ბოლოს კი სულ ოდნავ თუ იგრძნობდი. ვუყურებდით და ვუყურებდით, სანამ მთლიანად არ ჩაიკარგა. მერე შევბრუნდით და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.

სამსახურში აღარ წავსულვარ. ვიჯექი ჩემს ოფისში გასაბერ ლეიბზე, მაკანკალებდა და ოფლი წურწურით ჩამომდიოდა.

სამსახურში არც მეორე დღეს მივსულვარ. მერე კი დავდიოდი, ანგარიშებს ვიბარებდი, ვტვირთავდი, ვცლიდი, სახლის გზაზე ბანდარულ სენდვიჩებს ვყიდულობდი, ხანდახან ბილიარდის ბურთებს ვაგორებდი. დილაობით კი ჩემს ლეიბზე ვიჯექი, მაკანკალებდა და თვალს ვერ ვხუჭავდი. მერე ხო ჩაბაჰარში გადამიყვანეს. იქიდან მე თვითონ წავედი, ქერმანში. ბანდარ-აბასში ორი წლის შემდეგ დავბრუნდი, მაისში. უკვე ისე ცხელოდა, დილაობით ზღვაზე საბანაოდ რომ ჩავდიოდი, წყალი ადუღებული იყო. იქიდან პირდაპირ შარაირებთან მივდიოდი, მოხუც ელიასს დაეჟინა, მაგისი ლოცვების ბუტბუტი თუ შემიჩერებს ხელ-ფეხის კანკალსო. ვაჰიდა მაგათ სახლში შემხვდა, ელიასის ცოლისათვის ერთი `სკაი~ მოეტანა, დისშვილი ყოფილიყო. გაუხარდა, რომ დამინახა. ის ბოთლი იქვე ფანჩატურში გავხსენით, დეიდამისს თვალითაც არ უნახავს, და იქვე ჩავცალეთ. – ის გემი ხომ აღარ გამოჩენილა-მეთქი? – რომელი გემიო? - `დალანდი~-მეთქი. – არა მგონია, ეგეთი გემი აქ შემოდიოდესო. – იმ გემზე გეუბნები-მეთქი, ყვავილების სუნი რომ ასდიოდა, იმ კაცის გემი, მაშინ რომ მოვკალი-მეთქი. – ხოო, არ გამოჩენილაო, - თქვა ვაჰიდამ, გაიღრიჭა და ჩაის ჭიქა პირთამდე გამივსო. – ოღონდ ის ექიმი კი გეძებდაო, - დაამატა. სავსე ჭიქა დავდგი და იმ კაცთან მიმიყვანე-მეთქი, ვთხოვე. წავედით. ვაჰიდამ ცოტა აქეთ-იქით იტრიალა, მაგრამ სახლს ბოლოს მაინც მიაგნო. ორსართულიანი ხის სახლი იყო, ისე, ექიმს კი არ შეეფერებოდა. კარი თვითონ გააღო, არც გაკვირვებია, თითქოს დაბარებულები ვყოლოდით. არ შევუპატიჟებივართ, ერთი წუთითო, უკან შებრუნდა და მაშინვე პატარა ზარდახშით გამოვიდა. – ეს ბატონმა მაემ დაგიტოვათო, - თქვა და კარი გამოგვიხურა. ზარდახშა სახლში გავხსენი, ჯერ წიგნებზე მედო, მერე ავდექი და გავხსენი. შიგ შროშანი იდო. გადავატრიალ-გადმოვატრიალე და პერანგის ჯიბეში გავიკეთე. ბანდარ-აბასში კიდევ ორ კვირას უნდა დავრჩენილიყავი. ვიფიქრე, შროშანი რომ დაჭკნება ერთ-ორ დღეში, გადავაგდებ, ზარდახშას კი შევინახავ-მეთქი. ალბათ, თავის მეგობარს ასე დაუბარა, რომ არ დამვიწყებოდა-მეთქი, თუმცა რა დამავიწყებდა. ისე, ეს ხალხი შროშანების ფანები ყოფილან, ესე უცბად საიდან მოიტანა-მეთქი.

სინამდვილეში კი ისე გამოვიდა, რომ ზარდახშა გადავაგდე. შროშანს არა და არ უნდოდა დაჭკნობა. მეც საქმეს აღარ ჩავძიებივარ, ყოველ დილას პერანგიდან პერანგზე გადავიტანდი ხოლმე. ერთხელ, შუაღამეს კარგა გადაცილებული იქნებოდა, გემის საყვირის ხმამ გამომაღვიძა. დაჟინებით აყვირებდა, თითქოს მეძახდა. ანგარიშმიუცემლად წამოვხტი, ჩავიცვი და ნავსადგურისაკენ გავიქეცი. ის გემი იყო, საყვირს აყვირებდა და თან ნაპირს ნელ-ნელა შორდებოდა, უკან კი ყვავილების სურნელს აფრქვევდა. ფიცრებისაგან გაკეთებული ბაქანიდან იქვე მიბმულ ნავში ჩავხტი, ავხსენი და ძლიერად მოვუსვი. გემი აყვირებდა და თანდათან სისწრაფეს კრეფდა. მეც უფრო გამალებით ვუსვამდი ნიჩბებს, მაგრამ რას დავეწეოდი. მალე სულ ჩაიკარგა. თანდათან უფრო მიჭირდა მოსმა, მაგრამ მივყვებოდი ყვავილების სურნელს და ვუსმენდი ტალღების ავისმომასწავებელ ტყლაშუნს ნავის კიდეებზე.